ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ორგანიზებით საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის განხილვა გაიმართა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინ განხილვა სახელწოდებით: “საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2021-2024 წლების ეროვნული სტრატეგიის პრიორიტეტები“ გაიმართა.  ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა. 
 

„დღევანდელი ღონისძიების მიზანია  2021 წლის 30 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2021-2024 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხილვა. ასევე, აღსანიშნავია, რომ კიბერუსაფრთხოების  ეროვნული სტრატეგია მის სამოქმედო გეგმასთან ერთად განახლებადი დოკუმენტია და  საინფორმაციო და საკომუნკაციო ტექნოლოგიების მზარდი განვითარების ფონზე, მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების სამომავლო ტენდენციების განჭვრეტაც. ეს ხელს შეუწყობს ახალ კიბერსაფრთხეებთან გამკლავებისათვის შესაბამისი მექანიზმების დროულად შემუშავებას“,- განაცხადა  ვიქტორ ყიფიანმა. 
 

განხილვაში მონაწილეობა მიიღეს ვახტანგ კაპანაძემ, „ჯეოქეისის“ მრჩეველმა, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალ-მაიორმა (გადამდგარი); დიმიტრი გუგუნავამ, სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტოს ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული მიმართულებების მენეჯერმა და  ხათუნა ბურკაძემ, "ჯეოქეისის" ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორმა, პროფესორმა.
 

დიმიტრი გუგუნავამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2021-2024 წლების ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესზე. ასევე, მან ისაუბრა სტრატეგიის ოთხი ძირითადი მიზნის შესახებ.  „დოკუმენტი ორიენტირებულია შემდეგ მიზნებზე: ინფორმაციული საზოგადოებისა და ორგანიზაციების კიბერკულტურის განვითარებაზე; კიბერუსაფრთხოების მმართველობითი სისტემის მდგრადობასა და საჯარო-კერძო თანამშრომლობის გაძლიერებაზე; კიბერშესაძლებლობების განვითარებაზე ძლიერი ადამიანური რესურსითა და სათანადო ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებებით; კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, როგორც უსაფრთხო და დაცული ქვეყნის როლის გაძლიერებაზე“, - დასძინა დიმიტრი გუგუნავამ. 
 

ვახტანგ კაპანაძემ აქცენტი გააკეთა თავდაცვის სამინისტროს როლზე კიბერუსაფრთხოების სისტემაში და იმ სირთულეებზე, რაც ზოგადად ახასიათებს კიბერთავდაცვის ორგანიზებას.ასევე,  მან ხაზგასმით აღნიშნა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლების მნიშვნელობაზე.


„მნიშვნელოვნად უნდა გაძლიერდეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს როლი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და მას განესაზღვროს კონკრეტული ამოცანები. აუცილებელია, შეფასდეს საგარეო და შიდა რისკები და მათი სიმძიმის ხარისხი ეროვნული უსაფრთხოების მიმართ. ასევე, მნიშვნელოვანია, რისკებისა და ინციდენტების ადეკვატურად და შესაბამისად მართვის პოლიტიკის კოორდინირება. გარდა ამისა, უმჯობესია, არ იყოს წყვეტა კიბერუსაფრთხოების სტრატეგიებს შორის და მათ მიღებამდე განვაახლოთ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ. 


ხათუნა ბურკაძემ  კიბერუსაფრთხოების მმართველობითი სისტემა გაანალიზა. „უსაფრთხოება იმდენად კომპლექსური სფეროა, რომ მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა ყოველთვის მოითხოვს საერთო, სისტემური მიდგომების ჩამოყალიბებას. ეს შესაძლებელია მაშინ, როდესაც ჩვენ ამა თუ იმ მოვლენას საერთო სურათში სწორად ვხედავთ და ვაანალიზებთ. კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელება მოითხოვს როგორც სტრატეგიულ, ასევე ოპერატიულ დონეზე სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინირებულ მოქმედებებსა და კიბერსაფრთხეების შესახებ ინფორმაციის რეგულარულად ურთიერთგაცვლას. ასევე, მნიშვნელოვანია, კიბერუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სპეციალისტების თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სათანადო უნარ-ჩვევებით აღჭურვა. კიბერუსაფრთხოების არქიტექტურის ყველა სუბიექტი უნდა გავაძლიეროთ ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებით. ყველა დონეზე დაცული ტექნოლოგიების დანერგვა აუცილებელი წინაპირობაა კიბერსივრცის უსაფრთხოებისათვის. ამასთანავე, საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობისათვის საჭიროა მუდმივად მოქმედი საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნა“, - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.

 

იხილეთ ვებინარის ჩანაწერი
 

გააზიარე: