უკრაინა-რუსეთის საზღვართან რუსული სამხედრო ძალების კონცენტრაციის ფონზე ალიანსის რიგის მინისტერიალის შედეგების შესახებ „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორს, საერთაშორისო სამართლის დოქტორს, პროფესორს, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებულს, ჰარვარდის მოლაპარაკებების პროგრამის მონაწილეს ხათუნა ბურკაძეს ესაუბრა.
ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „ნატო-ს რიგის მინისტერიალზე საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების მიწვევა და მათთან ერთად ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის ფარგლებში უსაფრთხოების მთავარ გამოწვევებზე საუბარი მიანიშნებს, რომ ალიანსისათვის ორივე სახელმწიფო ღირებული პარტნიორია. ჩვენ საერთო საფრთხე გვაერთიანებს და მას რუსეთის ფედერაცია ჰქვია. ისტორიულადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნა საბჭოთა კავშირიდან მომდინარე საფრთხეების შეკავების აუცილებლობამ განაპირობა. მიუხედავად „ცივი ომის“ დასრულებისა, რუსეთს ომის რიტორიკა არ შეუცვლია და სამწუხაროდ, ეს კონკრეტული აგრესიული მოქმედებების განხორციელებით ვიხილეთ როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის მაგალითზე“.
„რუსეთს სურს ე.წ. „გავლენის სფეროების“ აღდგენა და გაფართოება. კრემლის აღნიშნული დღის წესრიგი დასავლეთისგან მოითხოვს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას, მათ შორის საქართველოსა და უკრაინისათვის უსაფრთხოების რეალური გარანტიების მინიჭებას. ეს კი ალიანსში წევრობით მიიღწევა. ამიტომაც ნატო-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის რჩება ერთგული იმ პოლიტიკური დაპირებისა, რომელიც 2008 წელს მოკავშირეებმა ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში ასახეს და გულისხმობს ალიანსში სრულფასოვან წევრობას“, - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.
ამასთანავე, ხათუნა ბურკაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მიერ ახალი ფუნქციის შეძენის აუცილებლობაზე. „საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ჩვენთვის ორი დატვირთვის მქონეა. მას შესაძლებლობებთან ერთად გამოწვევებიც ახლავს, რადგან ევროპისა და აზიის გასაყარზე არაერთი დიდი სახელმწიფოს ინტერესი იკვეთება. აუცილებელია, აღნიშნული გეოგრაფიული მოცემულობა მაქსიმალურად შესაძლებლობების შექმნის ქვაკუთხედად ვაქციოთ. მიუხედავად სირთულეებისა, დროა, საკითხებს დიდი სტრატეგიის პრიზმით შევხედოთ. ახალი ფუქნციის შესაძენად აუცილებელია ქვეყნის ინფრასტრუქტურული, სატრანსპორტო, ლოგისტიკური, ენერგეტიკული, საგანმანათლებლო და საფინანსო სისტემების პოტენციალის განსაზღვრა და განვითარება. ამასთანავე, მონაცემების ეპოქაში აუცილებელია მოვიზიდოთ ციფრულ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული ტრანსნაციონალური კომპანიები და შევუქმნათ სათანადო პირობები საქართველოში თავიანთი წარმომადგენლობების გასახსნელად. ეს კი მოგვცემს შესაძლებლობას განვახორციელოთ ფართომასშტაბიანი საკომუნიკაციო პროექტები და რეალურად გავხდეთ რეგიონალური ჰაბი“, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.
გაეცანით ხათუნა ბურკაძის ინტერვიუს