ნიკოლოზ ხატიაშვილი: რუსეთის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთი უმძიმეს ვითარებაშია

ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მკვლევარმა კრემლის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია შეაფასა და აღნიშნა: „რუსეთის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთი უმძიმეს ვითარებაშია. უკრაინის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულმა კონტრშეტევებმა მნიშვნელოვანი სამხედრო და მორალურ-ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, რაც მთლიანად ჯარის დემორალიზებას იწვევს.“ 


„ამას ემატება რუსეთის სამხედრო-ტექნიკური რესურსების პრობლემები. ერთ მხარეს არის უკრაინა, რომლის სამხედრო რესურსები ყოველდღიურად ივსება თანამედროვე და ძლიერი დასავლური შეიარაღებით, ხოლო მეორე მხარეს არის რუსეთი, რომლის სამხედრო და ადამიანური რესურსები სწრაფად იწურება და მათი შევსების მაჩვენებელი ძალიან დაბალია,“ - განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.


მისი თვალსაზრისით: „ეს ის მოცემულობაა, როდესაც დრო რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს. 300000 რეზერვისტის გაწვევა და მათი ჩართვა ომში, გაზრდის რუსეთის მოსახლეობაში უარყოფით დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ, რაც მეტად გაამწვავებს ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას. ამ ვითარებაში რუსეთი სავარაუდოდ შეეცდება დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებას, რეფერენდუმის სწრაფად ჩატარებას და ომის შემდგომ ესკალაციას, რაშიც აქტიურად გამოიყენებს რეზერვისტებს. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ ხელი შეუშალოს კრემლის ამოცანების მიღწევას, მათ შორის დიპლომატიური გზებით, ხოლო დასავლეთმა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერადა, უწყვეტ რეჟიმში გააგრძელოს შეიარაღების მიწოდება და გამოიყენოს ყველა არსებული პოლიტიკური ბერკეტი, რადგან ახლა დადგა ის მომენტი, როდესაც ომი ახალ ფაზაში გადადის და საჭიროებს მოქნილ და პრაგმატულ ნაბიჯებს“.
 

გააზიარე: