ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი საქართველოში ვიზიტად მყოფ ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრებს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ფრანც ესლი, ავსტრიის სახალხო პარტიის წევრი, ზიბილ ჰამანი, მწვანეთა პარტიის წევრი, მარტინა კუნსბერგ ზარე, ავსტრიის ლიბერალური ფორუმის წევრი. სტუმრები ამავდროულად ავსტრია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს წარმოადგენენ და საქართველოშიც სწორედ ამ სტატუსით იმყოფებიან.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თომას მულმანი, ავსტრიის ელჩი საქართველოში, კორნელი კაკაჩია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)-ის დამფუძნებელი და ნოდარ ხარშილაძე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი.
შეხვედრაზე მიმოიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რეკომენდაციების შესრულების დინამიკა, ისაუბრეს რეგიონში შექმნილ სიტუაციაზე და რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილ ახალ რეალობაზე, ხაზი გაესვა იმას თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საჯარო ინსტიტუტებთან ანალიტიკური ცენტრების თანამშრომლობა დასახული ამოცანების მისაღწევად და ამ მხრივ არსებული კომუნიკაციის საკითხებიც განიხილეს.
სტუმრებმა შეხვედრის მონაწილეებს ევროკავშირში ავსტრიის გაწევრიანების გამოცდილება გაუზიარეს.
მხარეებმა, ასევე, გამოთქვეს მზადყოფნა მომავალი მჭიდრო თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობისათვის.