ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისისა“ და საქართველოს ბანკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მორიგი დისკუსია გაიმართა

ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისისა“ და საქართველოს ბანკის ერთობლივი პროექტის, „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მორიგი დისკუსია გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა იყო - „შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველოს როლი“. პანელურ განხილვაში მონაწილეობას იღებდნენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი, ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი და ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების თავმჯდომარე, გიორგი ჯახუტაშვილი.
 

დისკუსიას მოდერაციას უწევდა „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების დირექტორი, გიორგი აბაშიშვილი. ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობდნენ სახელმწიფო და ბიზნეს სექტორის, ანალიტიკური და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

 

ვიცე-პრემიერმა იმ ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოსთვის შუა დერეფნის მიმართ გაზრდილმა ყურადღებამ გააჩინა. ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ახალი დღის წესრიგი, ევროპასთან დაკავშირებადობის კუთხით, სულ უფრო აქტუალური და პერსპექტიული ხდება და ამ პროცესში ბიზნეს სექტორისა და ანალიტიკური საზოგადოების ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია.
 

„დისკუსიის მთავარი თემა იყო საქართველოს ახალი შესაძლებლობების მიმოხილვა შუა დერეფნის უპირატესობის კუთხით, საქართველოს ახალი როლის განხილვა ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, ენერგეტიკული და ციფრული კავშირების მიმართულებით. დისკუსიაზე გაანალიზებული იყო სახელმწიფოს პოზიცია, მოქმედებები, პარტნიორების ჩართულობის შესაძლებლობები, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები და პროექტები - ბიზნესისა და ანალიტიკური სექტორის როლი ამ პროცესებში. ამავდროულად, დისკუსიის ფარგლებში გამოიკვეთა ის ძირითადი გამოწვევები, საჭიროებები და შესაძლებლობები, რომელიც დგას ქვეყნის ახალი შესაძლებლობის შუა დერეფნის უპირატესობით სარგებლობის შესახებ. ჩვენ დავინახეთ, რომ აღნიშნულ საკითხზე თანამშრომლობის მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან სრული მზადყოფნა არსებობს“- განაცხადა „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების დირექტორმა, გიორგი აბაშიშვილმა.
 

„დღევანდელი შეკრების მიზეზი იყო პრაქტიკული ეკონომიკის პრაქტიკულ საკითხებზე საუბარი. და როცა ჩვენ ვსაუბრობთ პრაქტიკულობაზე, ტრანსპორტი, კომუნიკაციები, კავშირები ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რითაც შეიძლება ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი ქართული სივრცე, რაც შეიძლება მეტად ინტეგრირდეს როგორც რეგიონულ, ისე მსოფლიო ეკონომიკასთან. ამდენად, შუა დერეფნის თემა დღეს და ხვალ იქნება იქნება ის აქტუალური საკითხი, რაზედაც ჩვენ შეგვიძლია, სწორი მიდგომის შემთხვევაში, ჩვენი ეკონომიკური და, ასევე, გეოპოლიტიკური დივიდენდი დავაშენოთ,“- აღნიშნა ჯეოქეისის თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა.
 

„ეკონომიკური ფორუმი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო კერძო და საჯარო სექტორს შორის აზრების კოორდინაციის კუთხით. დისკუსიისას, მოვისმინეთ შუა დერეფნის მნიშვნელობისა და საქართველოს როლის შესახებ, როგორც პოლიტიკური, ისე ბიზნეს ასპექტები, სადაც ყურადღება გამახვილდა სწორედ იმ საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ მსჯელობაზე, რაც ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო ლოჯისტიკური ფუნქციის ამაღლებას შეუწყობს ხელს. აღნიშნულ პროცესს ძალიან ბევრი დაინტერესებული მხარე ჰყავს და ვისურვებდი, რომ მსგავსი მსჯელობისა და დისკუსიის მიზნით ხშირად ვიკრიბებოდეთ “-განაცხადა გიორგი ჯახუტაშვილმა.
 

„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნესის სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით.

გააზიარე: