„ჯეოქეისი“-ს მკვლევარის, პროფესორ ხათუნა ბურკაძის თვალთახედვით, კიბერსივრციდან მომდინარე საფრთხეების გაანალიზება ჰიბრიდული გამოწვევების ჭრილში უნდა მოხდეს. მისი აზრით, აუცილებელია შეიქმნას ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს თანამედროვე ჰიბრიდული საფრთხეების ტიპებს და მკაფიოდ წარმოაჩენს ჰიბრიდული გამოწვევების არასამხედრო მახასიათებლებს, ტაქტიკას, გაანალიზებს მათ შესაძლო გავლენას ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ პროცესებზე, ასევე განიხილავს მათთან ბრძოლის გზებს.
„ჯეოქეისი“-ს მკვლევარი, პროფესორი ხათუნა ბურკაძე აღნიშნავს: „ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სტრატეგია უნდა ასახავდეს აღნიშნულ გამოწვევებთან ბრძოლის სამკომპონენტიან მექანიზმს (რაც ეფუძნება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გამოცდილებას):
1) მზადება ჰიბრიდული საფრთხეებისთვის, რაც გულისხმობს შესაძლო ჰიბრიდული აქტივობების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზსს, ასევე, გადაწყვეტილებების მიმღებთა აღჭურვას შესაბამისი მონაცემებითა და ცოდნით;
2) შეკავება ჰიბრიდული საფრთხეების, რაც ნიშნავს შესაბამისი სამთავრობო უწყებების ინსტიტუციურ გაძლიერებას, რათა მათ შეძლონ დროულად და ეფექტიანად ჰიბრიდული გამოწვევის შესაძლო ნეგატიური, დესტრუქციული შედეგის თავიდან აცილება;
3) თავდაცვა - თუ შეკავების პოლიტიკამ ვერ მიაღწია სასურველ სტრატეგიულ მიზანს, აუცილებელია, ჰიბრიდულ საფრთხეებთან სწრაფი რეაგირების შესაძლებლობების განვითარება“. „ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სტრატეგია შესაძლოა ითვალისწინებდეს ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის უწყებათაშორისი ჯგუფის შექმნას, რაც აუცილებელია გრძელვადიანი სტრატეგიული რეაგირების ინსტიტუციური მექანიზმის უზრუნველსაყოფად“, - დასძინა მან.
ამასთანავე, ხათუნა ბურკაძეს მიაჩნია, რომ აუცილებელია არსებული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების ხელახალი ინტერპრეტაცია, რათა სახელმწიფოებმა შეძლონ შესაბამისი რეაგირება კიბერშეტევებზე. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება მიიღეს იმ პერიოდში, როდესაც კიბერსივრცის შექმნის განჭვრეტა რთული იყო. იმის გათვალისწინებით, რომ 21-ე საუკუნეში კიბერინციდენტები ყოველდღიური რეალობაა, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ გაეროს წესდება და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლი -კოლექტიური თავდაცვის უფლება, ვრცელდება კიბერსივრცეზე. მით უფრო, რომ ამ საერთაშორისო ხელშეკრულებებში არ არის განმარტებული შეიარაღებული თავდასხმის ცნება. საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ კიბერშეტევების შემთხვევებში გასათვალისწინებელია თავდასხმის ინტენსივობა, მასშტაბი და ხანგრძლივობა. ასევე იმისათვის, რომ კიბერშეტევამ მიაღწიოს შეიარაღებული თავდასხმის ზღურბლს და სახელმწიფოს ჰქონდეს ინდივიდუალური ან კოლექტიური თავდაცვის უფლების გამოყენების შესაძლებლობა, ის უნდა იწვევდეს არსებით ზიანს.
იხილეთ ჩანაწერი