„ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინ დისკუსია „ჰიბრიდული გამოწვევები და მათთან ბრძოლის საშუალებები“ გაიმართა 

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინ დისკუსია „ჰიბრიდული გამოწვევები და მათთან ბრძოლის საშუალებები“ გაიმართა, რომელსაც მოდერატორობა „ჯეოქეისის" ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ გაუწია. 


ვებინარში მოწვეულმა სპიკერებმა „ჯეოქეისის" ექსპერტმა, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალ-მაიორმა (გადამდგარმა) ვახტანგ კაპანაძემ და ა(ა)იპ „ინტერნეტ განვითარების ინიციატივის“ წარმომადგენელმა, კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა, ვლადიმერ სვანაძემ ჰიბრიდულ გამოწვევებთან, კიბერშეტევებთან, დეზინფორმაციასა და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის საშუალებების შესახებ ისაუბრეს. ასევე, დისკუსიის მონაწილეებმა  ჰიბრიდული გამოწვევების სამხედრო კონტექსტისა და მათი დესტრუქციული მახასიათებლების შესახებ იმსჯელეს.


„ჯეოქეისის" ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განაცხადა: „დღეს ჰიბრიდული გამოწვევები უსაფრთხოების თანამედროვე საფრთხეებს წარმოადგენენ. სამწუხაროდ, ყოველდღიურ რეჟიმში ვართ სამიზნე კიბერშეტევების, კიბერინციდენტების, დეზინფორმაციის, ანტიდასავლური პროპაგანდისა და სხვა ტიპის ჰიბრიდული საფრთხეების. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ერაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების გაანალიზების თვალსაზრისით. თანამედროვე უსაფრთხოების სისტემას სჭირდება ის მიდგომები, რომელთა საშუალებითაც ჩვენ გავუმკლავდებით აღნიშნულ გამოწვევებს. მეტიც,  ტექნოლოგიების განვითარების ფონზე სწორედ ხელოვნური ინტელექტის განვითარება ხდება ისე, რომ მომავალში შესაძლებელია  სპეციალური რობოტების მეშვეობით  მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთთან ოპერაციები აწარმოონ. ყოველივე ეს, განსაკუთრებით მცირე სახელმწიფოებისაგან მოითხოვს ახლებურ ხედვას იმისათვის, რომ უფრო უკეთ დავიცვათ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები მომავალში“.


„ჯეოქეისის" ექსპერტმა, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალ-მაიორმა (გადამდგარმა) ვახტანგ კაპანაძემ ისაუბრა ჰიბრიდული ომის კონცეფციის განვითარების ეტაპებსა და მისი კომპონენტების, განზომილებების შესახებ. 


„ჰიბრიდული ომის კონცეფცია ადრე თუ განიხილებოდა ბრძოლის სუსტ საშუალებად, ამჟამად ასე აღარ არის. სულ უფრო აქტუალური ხდება კერძო სამხედრო კომპანიების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც შეიძლება ითქვას არის რუსული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  მახასიათებელი. ეს ვნახეთ უკრაინაში,  ნაწილობრივ, საქართველოში და ეს აშკარად ჩანს აფრიკის, სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე და ასევე -  ახლო აღმოსავლეთში. ამ პროცესში კიბერსივრცე მნიშვნელოვანია, მათ შორის ბრძოლის ველის გაციფრულების თვალსაზრისითაც“, -განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ. 


ა(ა)იპ „ინტერნეტ განვითარების ინიციატივის“ წარმომადგენელმა, კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა, ვლადიმერ სვანაძემ დისკუსიაში მონაწილეობისას ისაუბრა კიბერშეტევების შესახებ. მან აღნიშნა, რომ კიბერშეტევა შეიძლება გაცილებით საზიანო იყოს, ვიდრე სამხედრო ოპერაციები. 


„კიბერსივრცეს საზღვრები არ აქვს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კიბერუსაფრთხოებაზე, როგორც ეროვნულ, ისე გლობალურ დონეზე აქ იგულისხმება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დანერგვა. ნებისმიერი ხელისუფლების მოვალეობაა შექმნას ინფორმაციის უსაფრთხოების ისეთი სისტემა, რომლის დროსაც კიბერთავდასხმის საზიანო შედეგები მინიმუმამდე იქნება შემცირებული და ასეთი თავდასხმის შემდგომ უმოკლეს დროში გახდება ინფორმაციული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების სრული აღდგენა. ჰიბრიდული ომის გამოწვევებზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ 2008 წლის აგვისტოს ომი, როდესაც რუსეთის ფედერაციამ მიზანმიმართულად განახორციელა კიბერშეტევები. საქართველოს 2014 წელს  უკრაინა მოჰყვა“, - აღნიშნა ვლადიმერ სვანაძემ. 


ონლაინ განხილვის შეჯამებისას ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „მსურს, დასკვნის სახით, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო ჰიბრიდულ გამოწვევებთან ბრძოლის სამკომპონენტიან მექანიზმზე, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება.  პირველი ეს არის მზადება ჰიბრიდული საფრთხეებისათვის, რაც ნიშნავს შესაბამის  უწყებებში როგორც ანალიტიკური, ასევე  ოპერატიული შესაძლებლობების ისე განვითარებას, რომ გადაწყვეტილების მიმღებს ჩვენ დროულად მივაწოდოთ ინფორმაცია მოსალოდნელი დესტრუქციული მოქმედების  შესახებ. მეორე კომპონენტი დაკავშირებულია  ჰიბრიდული საფრთხეების შეკავებასთან, რაც გულისხმობს გადაწყვეტილების მიმღების დროული რეაგირების შედეგად საფრთხის თავიდან აცილებას და მესამე - თავდაცვითი შესაძლებლობები. ამ შემთხვევაში დაწყებული დესტრუქციული მოქმედების სწრაფად შეჩერების საფუძველზე ხდება ზიანის მაქსიმალურად შემცირება. საბოლოო ჯამში, აღნიშნული მიდგომა, მზარდი ჰიბრიდული გამოწვევების ფონზე, ხელს უწყობს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვას“. 

 

გთხოვთ, იხილოთ ონლაინ განხილვის ჩანაწერი
 

გააზიარე: