ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისისა“ და ალჯაზირას კვლევითი ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით ონლაინ სემინარი „რეგიონალური ძალები და მათი პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში მთიანი ყარაბაღის ომის შემდგომ“ გაიმართა.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა მთიანი ყარაბაღის მე-2 ომის სპეციფიკის განხილვა და მისი გავლენა როგორც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე, ასევე მთელ რეგიონზე, ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკური ურთიერთობების თვალსაზრისით.
ონლაინ განხილვას მოდერაციას ალჯაზირას კვლევითი ცენტრი უწევდა. მასში მონაწილეობა მიიღეს „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა, „ჯეოქეისის“ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორმა, ემილ ავდალიანმა, ალ ჯაზირას კვლევების ცენტრის მკვლევარმა ჰავაზ თაგიამ, და ანკარის შუა აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის (ORSAM, თურქეთი) მკვლევარმა, ვათექ ალ-სადუნმა.
ვიქტორ ყიფიანმა, სიტყვით გამოსვლისას, ომის შემდგომი რეალობა მიმოიხილა. მისი შეფასებით, სამხრეთ კავკასიაში არსებული რეგიონალური ახალი ძალთაწონასწორობა მთიანი ყარაბაღის მეორე ომის პირდაპირი შედეგია. ასეთი ეკვილიბრიუმი საკმაოდ არამდგრადი და ბუნდოვანია, მან მთავარ მიზეზად დაასახელა 2020 წლის 10 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც, ანალიტიკოსის აზრით, ნაჩქარევადაა შედგენილი და გარკვეულ ბუნდოვანებას შეიცავს.
ვიქტორ ყიფიანის შეფასებით, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ მოსკოვმა, გარკეულწილად, გაამყარა ურთიერთობები აზერბაიჯათან და მეტი ბერკეტი მოიპოვა სომხეთის საგარეო პოლტიკაზე გავლენის მოსახდენად. თუმცა, მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ სახეზე გვაქვს თურქეთსა და რუსეთს შორის გარკვეული სახის გეოპოლიტიკური კოჰაბიტაცია, რუსეთი რეგიონში მაინც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ვიქტორ ყიფიანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში, განსაკუთრებით კი საქართველოში არსებული ე.წ. „გაყინული კონფლიქტები“ გეოპოლიტიკური ხასიათის კონფლიქტებია და რეგიონალური გავლენის მოპოვებისათვის ძალაუფლებებს შორის მეტოქეობას ასახავს.
რაც შეეხება კიდევ ერთ დაინტერესებულ მხარეს - თურქეთს, ანალიტიკოსის აზრით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსალოდნელზე ნაკლები ბერკეტი შერჩა ხელთ. „თუმცა, უსაფრთხოების სფეროში თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები გაცილებით გამყარდა. ყარაბაღის ომი საფუძველს გვაძლევს, ვთქვათ, რომ რეგიონში აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სტარტეგიული ალიანსი თითქმის უკვე შემდგარია და ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია რეგიონში მოვლენების შემდგომი განვითარებისათვის“, - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.
მოდერატორის კითხვაზე საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, ვიქტორ ყიფიანმა განმარტა: „საქართველოს დასავლური პოლიტიკური კურსი ამ ურთიერთობების მთავარი თანმდევი ფაქტორია. ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ქვეყნის კონსტიტუციითაა განსაზღვრული, რის საფუძველზეც საქართველო გააგრძელებს აღნიშნულ სივრცეში გაერთიანებისათვის სწრაფვას. როგორც ჩვენ ვამბობთ ხოლმე, ეს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არამარტო პოლიტიკური, არამედ ცივილიზაციური არჩევანია და, იმედი გვაქვს, ამ სივრცეს მალე დავუბრუნდებით კულტურულად და მსოფმხედველობრივად. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო არ ცდილობს ან არ გააგრძელებს მეზობელ ქვეყნებთან, პირველ რიგში კი აზერბაიჯანთან და სომხეთთან, ღია, კეთილმეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებასა და გაღვივებას. ყარაბაღის ომის მიმდინარეობისას ყველა ღონეს მივმართეთ, რომ ნეიტრალური პოზიცია შეგვენაჩუნებინა და, როგორც რეგიონალურ მოთამაშეს, მაქსიმალური პასუხისმგებლობით გვემოქმედა. საქართველოს პოლიტიკური დღისწესრიგის მთავარი ღერძი ნატო-სა და დასავლურ პოლიტიკურ სივრცეში გაერთიანებარჩება“.
ვიქტორ ყიფიანმა სამხრეთ კავკასიის შემდგომ განვითარების შესახებ კომენტირებისას ხაზი გაუსვა რამდენიმე ძირეულ საკითხს: „ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაზე ძირითადად ორი ფაქტორს ექნება გავლენა: პირველი, როგორ განვითარდება ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერობა - შესაბამისად, ახალ გლობალურ წესრიგზე მოქმედი მოვლენები, თავისმხრივ, ზეგავლენას იქონიებს სამხრეთ კავკასიაზეც. მეორე ფაქტორს, რომელიც სამხრეთ კავკასიის წესრიგზე მოქმედებს, ორი მახასიათებელი გააჩნია: მრავალმხრივობა (მულტილატერალიზმი) და გაზრდილი მნიშვნელობის მქონე რეგიონალიზმი. სამხრეთ კავკასია, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ახლო აღმოსალეთთან, ამავდროულად შავი ზღვის ფართო რეგიონის შემადგენელი ნაწილია. შავი ზღვის რეგიონი კი განაგრძობს რეგიონალურ ცენტრად და ერთ-ერთ საყრდენად ჩამოყალიბებას მომავალი მულტილატერალური გლობალური წესრიგის პირობებში“.
„ჯეოქეისის“ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორი, ემილ ავდალიანი თავის გამოსვლაში მიმდინარე გლობალურ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს შეეხო.
„სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთზე ორი ძირითადი ფაქტორი მოქმედებს: (1) ენერგეტიკისა და უსაფრთხოების სფეროების მზარდი ურთიერთკავშირი; (2) აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ვექტორის გადატანა დასავლეთ აზიის, შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისაკენ. საერთო ჯამში, ამჟამად სამხრეთ კავკასია და ახლო აღმოსავლეთი ახლებურ მსოფლიო წესრგის ერგებიან,“ - აღნიშნა ემილ ავდალიანმა.
ჰავაზ თაგია გამოსვლისას საქართველოსა და გალფის ქვეყნების ურთიერთობს შეეხო. ორ რეგიონთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტუალური საკითხების განხილვასთან ერთად, ხაზი გაუსვა ევროპა-აზიის გასაყარზე საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობას, როგორც ხელსაყრელ ფაქტორს ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. მან ასევე ისაუბრა რეგიონში თურქეთის გავლენის ზრდის ტენდენციაზე და ყურადღება გაამახვილა საქართველოსათვის არხი „სტამბულის“ მნიშვნელობაზე.
ვატექ ალ-სადუნმა სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის ურთიერთობა როგორც ისტორიულ, ასევე სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ ჭრილში განიხილა. ასევე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ამ ფაქტის მიმართ არაბული ქვეყნების პოზიცია შეაფასა. მან აფხაზითისა და ცხინვალის რეგიონის მაგალითზე აღნიშნა, რომ ყველა სეპარატისტულმა რეჟიმმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გონივრული არაა ნაციონალისტური ამბიციების დასაკმაყოფილებლად სამშობლოსაგან მოწყვეტა და ძალაუფლების მქონე ერთი რეგიონალური აქტორის იზოლაციაში აღმოჩენა არაფრის მომტანია და მხოლოდ დანარჩენი მსოფლიოსაგან მოწყვეტას ნიშნავს.
მან ასევე აღნიშნა, რომ არაბული და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების აკადემიურ წრეებს შორის კომუნიკაციის გაზრდა მხოლოდ გააძლიერებს მათ თანამშრომლობას და გაამყარებს ორმხრივ კავშირებს.
ვებინარი დისკუსიის მონაწილეთათვის წარმოადგენდა ხელსაყრელ პლატფორმას რეგიონალური და გეოპოლიტიკური მოვლენების შესახებ მოსაზრებების გაცვლისა და საინტერესო შეფასებების გაჟღერების კუთხით. იგი აგრეთვე, ხელს შეუწყობს ანალიტიკურ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას რეგიონალური ურთიერთობების გაღრმავებისა და განვითარებისათვის.
იხილეთ ვებინარის ჩანაწერი