ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის" ორგანიზებით ონლაინ განხილვა „საქართველო და თანამედროვე გლობალური ეკონომიკა“ გაიმართა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა გლობალური ეკონომიკის ტრენდების განვითარების მიმოხილვა და საქართველოს როლის განსაზღვრა თანამედროვე გლობალური ეკონომიკის სისტემაში.
ღონისძიებას მოდერატორობას „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი უწევდა. ვიქტორ ყიფიანმა დისკუსიის დასაწყისში ყურადღება გაამახვილა თანამედროვე ეკონომიკური დიზაინის ორ ძირითად მდგენელზე, მზარდ რეგიონალიზაციასა და ინდუსტრიული, სავაჭრო და საინვესტიციო პოლიტიკის ერთგვარ კონვერგენციაზე.
„გლობალური მიწოდება-მომარაგების ჯაჭვი თანაბარწილად მიბმულია, როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ პროცესებზე. დღეს ჩვენ გლობალიზაციასა და „ეკონომიკურ ნაციონალიზმს“ შორის ახალი ბალანსის ძიებაში ვართ. ვფიქრობ, როგორც გლობალური, ასევე ქართული ეკონომიკის გადმოსახედიდან სამი ამოცანა იკვეთება: პირველი, იმ შესაძლებლობების გამოყენებაა, რასაც გლობალიზაცია გვთავაზობს, თუმცა ამავე დროს, ლეგიტიმური ეროვნული ეკონომიკის თავდაცვისათვის შესაძლებლობებისა და საშუალებების გამომუშავება, ისე რომ არცერთი ეროვნული სისტემა არ უნდა გადაიზარდოს, „გადაცურდეს“ პროტექციონიზმში,“- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
„ჯეოქეისის“ ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულების დირექტორმა, დავით აფციაურმა, დეტალურად მიმოიხილა საქართველოში განვითარებული ეკონომიკური პროცესები, წარმატებული საერთაშორისო პროექტები და მათი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე.
„თანამედროვე სამყაროში პრიორიტეტულ ამოცანად ცხადია რჩება საერთაშორისო კონსოლიდირება გლობალური პრობლემების მოგვარებისათვის, რაც ბევრ ფაქტორზე, პირველ რიგში კი, განსაკუთრებით პოლიტიკურ ნებაზე და რესურსებზეა დამოკიდებული. დღეს, არა მხოლოდ პანდემიის კრიზისის გამოწვევებიდან გამომდინარე, გარდამავალ ეტაპზე ვიმყოფებით, როდესაც თანამშრომლობის მულტილატერალური მიდგომები თავის მნიშვნელობას არ კარგავს, თუმცა შესუსტდა და მეტად იკვეთება ბილატერალური რეგიონული თანამშრომლობის ფორმები,“-განაცხადა დავით აფციაურმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, აკადემიკოსმა ლადო პაპავამ დისკუსიაში მონაწილეობისას მიმოიხილა პანდემიის გავლენა მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებზე და აუდიტორიას ტერმინ „ფსევდოგლობალიზაციის განმარტება” შესთავაზა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს დიდი უპირატესობა აქვს, რადგან ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც ერთდროულად აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან.
„პანდემიის გლობალური ხასიათიდან გამომდინარე, ფუნდამენტურად შეუძლებელია მისი გადალახვა იზოლირების პირობებში. მსოფლიოს მარტივი ლოგიკა კარნახობს, რომ წარმატების მისაღწევად აუცილებელია გლობალურად კოორდინირებული ღონისძიებების ჩატარება, რომელშიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა და სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ აქტიური მონაწილეობა. თუ ცალკეული სახელმწიფოების ძალისხმევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეპიდემიის დასრულებისას, მაშინ ფუნდამენტურად შეუძლებელია პანდემიის დაძლევა ამ სახელმწიფოების კოორდინირებული მოქმედების გარეშე. COVID-19-ის პანდემიის ფონზე კი, ეჭვგარეშეა, რომ ყველა ის ქვეყანა, რომელიც ხელს უშლის თავისუფალ ვაჭრობას, საბოლოო ჯამში, ეკონომიკურად იტანჯება. ამრიგად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ „დე-გლობალიზაციის“ პროცესი დროებითი ხასიათისაა; ე.ი. არსებობს „ფსევდო დე-გლობალიზაცია“. შესაბამისად, მიზანშეწონილია, რომ ყველა ქვეყანამ არსებული ვითარება გამოიყენოს გლობალიზაციის ახალი რაუნდისთვის უკეთ მოსამზადებლად; ე.ი. რაც უფრო მალე მოემზადება საქართველო, რომ განახლებულ გლობალიზაციაში თავისი ადგილი დაიმკვიდროს, მით უფრო მოკლე დროში იქნება ის წარმატებული,“-განაცხადა ლადო პაპავამ.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა გლობალიზაციის შესახებ ევროპული ხედვები და ევროკავშირის ეკონომიკური მოდელები მიმოიხილა. მან ისაუბრა, თუ როგორ შეიძლება საქართველო გახდეს ხიდი თავისუფალი ვაჭრობის ქვეყნებს შორის. თუ როგორ შექმნას საქართველომ საწარმოო ჯაჭვი, დააინტერესოს მეზობელი ქვეყნები, რომ ითანამშრომლონ ქართულ საწარმოებთან და საქართველოში წარმოებული პროდუქციით შევიდნენ ევროკავშირის ბაზარზე.
„სანამ მსოფლიო არ არის სრულად უსაფრთხო, სანამ ჩინეთი, რუსეთი და სხვა არალიბერალური ქვეყნები ცდილობენ, საკუთარი წესრიგის წინწამოწევასა და ამით საფრთხეს უქმნიან მსოფლიოში ლიბერალური დემოკრატიის განვითარებას, ევროკავშირი ცდილობს ყველა წამყვან სფეროში ეროვნული ეკონომიკის დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადოებისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, რადგან ჯერჯერობით შეუძლებელია იმ რეგიონებში წარმოების გადატანა, სადაც ავტორიტარული მმართველობაა. ვფიქრობ, გლობალიზაციის ჩვეული მიდგომა პანდემიის შემდგომ დროებით შეიზღუდება. ევროკავშირის მიერ შემუშავებული 2019-2024 წწ. დღისწესრიგი ერგება პოსტპანდემიურ სამყაროს და პრიორიტეტულია ეკონომიკის მდგრადი განვითარების პოლიტიკა, მათ შორის, ხდება „კლიმატნეიტრალური“, ციფრული ეკონომიკის განვითარება,“-განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
დისკუსიისას მონაწილეებმა, საზოგადოების მეტი ინფორმირების მიზნით გლობალური ეკონომიკის მთავარი გამოწვევებისა და ამ თვალსაზრისით საქართველოში შექმნილი ვითარება მრავალმხრივ გაანალიზეს.
იხილეთ დისკუსიის ჩანაწერი